არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული ქალების ისტორიებს პატარა ფილმებად იღებს და ამით სხვა ქალებს აძლევს მოტივაციას, თავადაც წამოიწყონ საკუთარი საქმე.

ორგანიზაციამ „ქალთა ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უკვე გადაიღო 6 ვიდეოისტორია და რადგან ვიდეობმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ახალი ამბების და ისტორიების მოძიება უკვე სხვა პროექტის ფარგლებში გაგრძელდა. ამჯერად ვიდეო ისტორიის გმირი ფერმერი მაია საგინაძეა. მაიას მცირე საოჯახო ფერმა აქვს, ის რამდენიმე ხბოს და ძროხას უვლის.

„ვაწარმოებ ყველს და ვყიდი ზოგჯერ სამეზობლოში, ზოგჯერ ვაბარებ ბაზარში. ასევე გვაქვს ღორების ფერმა. ვყიდით გოჭებს, მოვიხმართ სახლისთვისაც. ასევე გვაქვს მაცივარი და ვფიქრობთ, შევქმნათ სამაცივრე მეურნეობა, სადაც შევინახავთ ხილს შემდგომი რეალიზაციის მიზნით“ – ამბობს მაია.

ქალი ფერმერი თავის გულისტკივილზეც საუბრობს.

„სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ საგრანტო დაფინანსება სამაცივრეების შესაძენად. ამიტომ მოგვიწია ბანკიდან სესხის აღება მაღალ პროცენტში, რისი გადახდაც ძალიან რთულია“

მაია ამბობს, რომ ქალთა შეხვედრები და სამოქალაქო პიკნიკები, რომელსაც ორგანიზაცია „სიპისი“ მართავს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

„ჩემთვის ეკონომიკური გაძლიერება ნიშნავს ვისწავლო, სად და როგორ მოვიპოვოთ საგრანტო დაფინანსება ან როგორ ავიღოთ შეღავათიანი სესხი, რომელიც საოჯახო მეურნეობის გაფართოებისთვის გვჭირდება“ – ამბობს ფერმერი ქალი და მომავალს იმედით უყურებს.

ვიდეოისტორიები პროექტის – „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ახორციელებს.

წყარო:  https://primetime.ge/news/regioni/maias-ambavi-qali-fermeri-ozurgetidan

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content