ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრმა დაიყწო ახალ რუბრიკა „ქალები არასამთავრობო ორგანიზაციიდან“

ორგანიზაციის სახელწოდება: თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი
სახელი: ნანა

გვარი: სიხარულიძე

რა მიმართულებით მუშაობს ორგანიზაცია: ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს: ეს არის მოქალაქეთა თანამონაწილეობისა და ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოწყვლადი ჯგუფების ინიციატივების მხარდაჭერა, ეთნიკური უმცირესობების ინიციატების მხარდაჭერა, მათი ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე თემატური კვლევებისა და საინფორმაციო კამპანიების ჩატარება და მონიტორინგი. ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ქალთა უფლებების მიმართულებით მუშაობა, მათი დასაქმების ხელშეწყობა, ეკონომიკური გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.

კითხვა 1. რამდენად ახერხებს დღეს არასამთავრობო სექტორი ცვლილებებს, რამდენად ითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღები პირები.

მადლობა კითხვის ამგვარი ფორმულირებისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ეს არის პრობლემა, რომელიც მეტნაკლებად დგას არასამთავრობო სექტორის წინაშე. ერთია კარგად განხორციელებული პროექტი, პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირება და საჭიროებებს მორგებული რეკომენდაციები, და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მიერ პროექტის შედეგად მიღებული სარგებლის გამოყენება, მისი მდგრადობის შენარჩუნება და რეკომენდაციების გათვალისწინება.

მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ჩვენ არანაირ ბარიერს და წინააღმდეგობას არ ვაწყდებით და ამისი უპირველესი მიზეზი ჩვენი განსაკუთრებულობა არ არის, არამედ ჩვენი მუშაობის სტილი და სტრატეგია. ჩვენს აქამდე განხორციელებულ ყველა პროექტში აქტიურად ვრთავთ თავად გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ადამიანებს, რომლებმაც მომავალში უნდა გააგრძელონ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო იქნება ეს, თუ ინიციატივა. ყველა ახალი პროექტის დასაწყისში პრობლემაზე და განსახორციელებელ აქტივობებზე საუბარს ვიწყებთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან და ვფიქრობთ, ჩვენი ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამგვარად დაგეგმილი საქმიანობაა.

ასე დავიწყეთ ერთ-ერთი, ბოლო წარმატებული პროექტიც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებდა.

კითხვა 2. არსებულ ვითარებაში ძირითად გამოწვევად რას მიიჩნევთ, რაც აფერხებს სამოქალაქო სექტორის განვითარებას, უნდობლობას, აქტიური ანტი განწყობების შექმნას ცდილობენ ამ ორგანიზაციების მისამართით, რატომ?

სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში და მოსახლეობას მეტად საჭირო მომსახურებას სთავაზობს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, ეს არის ფინანსური და ინსტიტუციური მდგრადობა. ორგანიზაციების უმეტესობა მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო დონორების მხარდაჭერაზე.

ჩვენი ორგანიზაციის მთავარ გამოწვევად სწორედ ამ ინსტიტუციურ და ფინანსურ მდგრადობას მივიჩნევთ, და ამ პრობლემის გადასალახად ჩვენ ვცდილობთ იგივე უცხოელი თუ ქართველი დონორების დახმარებით გავძლიერდეთ, შევქმნათ ბერკეტები ჩვენი როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ფინანსური მდგრადობის გაასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიმართ უარყოფითი განწყობების შექმნას, მსგავსი დამოკიდებულება ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლის მხრიდან შესაძლოა იგრძნობოდეს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, თუმცა ეს რა თქმა უნდა მთლიანად არასამთავრობო სექტორის მიმართ ვერ გავრცელდება და ვერც ამინდს ქმნის ასეთი დამოკიდებულება.

არასამთავრობო სექტორი ხომ ძირითადად შეცდომებზე, პრობლემებზე, გამოწვევებზე მიუთითებს ხელისუფლებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა, რომ ვეძებოთ პრობლემები, მაგრამ ამასთან სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ვეცადოთ პრობლემების გამოსწორებას. ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულ პოზიციაში და ეს არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია პრობლემა აღმოიფხვრას და ამ პრობლემის აღმოფხვრაში რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს უდიდესი როლი აქვთ, ეს რა თქმა უნდა გაცნობიერებული გვაქვს.

ჩვენ კოსტრუქციულები ვართ, თუმცა ამავე დროს თვალს არ ვხუჭავთ პრობლემებზე და ღიად და ხმამაღლა ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე ჩვენს პროექტებში.

კითხვა 3 გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტზე, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებისკენ იყო მიმართული? რა პრობლემების წინაშე არიან მეწარმე ქალები გურიაში და რა კუთხით სჭირდებათ დახმარება?

ჩვენი ორგანიზაცია ჯერ მხოლოდ 2 წელს ითვლის და უკვე რამდენიმე მნივნელოვანი და საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის გამოვყოფ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულს პროექტს, რომელზეც თქვენ საუბრობთ. პროექტი განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალტეტის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის, იმ ქალებისთვის, რომლებიც უკვე ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ან აქვთ სურვილი და პოტენციალი რომ გახდნენ მომავალი მეწარმეები.
რაც შეეხება მეწარმე ქალების პრობლემებს და მათ საჭიროებებს. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა და ჩვენი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გადავეცით მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, და როგორც თქვენი პირველი კითხვის პასუხად მოგახსენეთ, ჩვენს რეკომენდაციებს უკვე თვითმართველობა აქვებს რეალობად და გაითვალისწინება თავის საქმიანობაში. ჩვენ კი ამ პროცესის ადვოკატირებას მოვახდებთ.

გურული მეწარმე ქალები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის არის ინფორმაციის ნაკლებობა, სერვისებზე ნაკლები წვდომა, მწირი ფინანსური წყაროები, პრობლემები ბანკებთან ურთიერთობის დროს და ასევე, საზოგადოების მხრიდან არასაკმარისი ნდობა. ქალებს დახმარება ბევრი მიმართულებით სჭირდებათ, იქნება ეს განათლება, კვალიფიკაცია, სერვისების მიწოდება, ეკონომიკურ პროექტებში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა, და ასევე მედია მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში ჩვენ საზოგადოებას გავაცანით მუნიციპალიტეტში ჩვენს სამიზნე სოფლებში მცხოვრები რამდენიმე წარმატებული მეწარმე ქალი და ასევე იმ ქალებზეც მოვუყევით, რომლებიც ახლა იკიდებენ ფეხს ბიზნესში, თუმცა აქვთ საკმაოდ დიდი მოტივაცია და რესურსი რომ გახდნენ წარმატებულები.

ამგვარი ისტორიები დადებით როლს ასრულებს ქალთა გაძლიერებაში, მათი თავდაჯერებულობისა და მოტივაციის ამაღლებაში.

თქვენ, მედიას გაქვთ საკმაოდ კარგი ბერკეტი, რომ მთლიანად საზოგადოების წარმოდგენები, მათი სტერეოტიპული დამოკიდებულება შეცვალოთ მეწარმე ქალების საქმიანობის მიმართ.

უფრო ხშირად უნდა გააშუქოთ ისინი, აჩვენოთ საზოგადოებას, რომ ქალებს ეს საქმე მამაკაცებზე ნაკლებად არ გამოსდით, რომ შესაძლებელია ქალმა ოჯახის საქმე და ბიზნესი შესანიშნავად შეუთავსოს ერთმანეთს. რომ ქალი მეწარმე იშვიათი გამონაკლისი არ არის.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ყველა პროექტში მედიის როლი და მისი ჩართულობა უმნიშნელოვანესია და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის განვითარება მედიის დახმარების გარეშე წარმოუდგენელია.

კითხვა 4 – როგორც ცნობილია სოფელში მცხორები ქალებისთვის იყო გაწერილი თქვენი პროექტი, რა წარმატებების და გამოწვევების წინაშე არიან ისინი?

დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში ქალები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან.

არცთუ იშვიათად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება განიხილება ქალების გარკვეული ჯგუფებისთვის მხოლოდ ერთჯერადი შესაძლებლობების მიცემის ჭრილში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერად კვლავაც რჩება ოჯახზე ზრუნვის ვალდებულება, რაც ქალების დიდი ნაწილისთვის ამცირებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

რეგიონში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შემაფერხებელი ფაქტორებიდან ასევე მნიშვნელოვანია გენდერული უთანასწორობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობისას, რომლის მიხედვით, მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად არის დოკუმენტირებული მფლობელები, ვიდრე ქალები. ქალები ასევე ვერ სარგებლობენ საკუთარი აქტივების გაყიდვის ან ანდერძით გადაცემის უფლებით, რადგან მათი გავლენა გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია.

ამას ემატება ასევე, საბანკო კრედიტის აღებისას არსებული ბარიერები, რადგან ბანკები კრედიტის გაცემისას ითხოვენ მიწის ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ზემოთ აღწერილი დისკრიმინაციული პრაქტიკა ქალებს მეტად დაუცველს ხდის და უფრო მეტად ართულებს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ პოლიტიკა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს ქალთა საჭიროებებს მორგებულ სერვისებს.

ქალების დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგი მრავალი მიმართულებით უარყოფითია. ქალები, რომლებიც დაბალი ეკონომიკური აქტიურობით გამოირჩევიან, ცხადია, უფრო ცუდ მატერიალურ პირობებში ცხოვრობენ, აქვთ ნაკლები თავდაჯერებულობა, მათი ცხოვრებისა და სოციალიზაციის ხარისხიც დაბალია, უფრო ხშირად ექცევიან გენდერული სტერეოტიპების ტყვეობაში და განიცდიან ძალადობას.

და როგორც ამ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, ბოლოს ისევ მედიის როლის ხაზგასმით მსურს დავასრულო.

მედიას არასამთავრობო სექტორთან ერთად, უდიდესი როლი აქვს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევაში, და ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპი სამწუხაროდ, მეწარმე და ბიზნესმენ ქალებს უკავშირდება.

ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ მედია იქნება ჩვენი ყველა პროექტის და აქტივობის არა მხოლოდ გამშუქებელი, არამედ მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content