20 ივლისს პროექტის „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება – სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში კომუნიკაციის ჯგუფის წევრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომუნიკაციის კონსულტანტმა ფატი მამიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ კომუნიკაციის სტრატეგია და ხაზი გაუსვა სსო-ების ინსტიტუციური განვითარების პროცესში მსგავსი დოკუმენტის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მოწვეულმა არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. მედიის წარმომადგენლების თქმით, რეგიონში კოალიციური და მედიასთან კოლაბორაციაში პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორივე სექტორს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლის“, „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“, „საქართველოს დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები და რეგიონში მოქმედი მედია ორგანიზაციები.
შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში
.