„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი’’, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, მართავს პროექტს „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“.
პროექტი ხორცილდება 2024 წლის 11 იანვრიდან 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით, ევროპის საბჭოსთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან, ადგილობრივ ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.
პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემის – მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის გადაჭრისთვის რეკომენდაციების შემუშავება მონაწილეობითი დემოკრატიის ინოვაციური და არსებული მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის, „მოქალაქეთა ასამბლეას“ მოწვევის გზით.
აღსანიშნავია, რომ პროექტის გუნდი დაეყრდნო USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიერ პარტნიორ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით ოზურგეთის მოქალაქეებმა პირველ პრიორიტეტულ პრობლემად სწორედ მიუსაფარი ცხოველების საკითხი დაასახელეს, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის მზაობა აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.
პროექტის შედეგად, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის ქმედით პოლიტიკას, შეიქმნება საზოგადოებრივი დისკუსიის და დიალოგის მდგრადი პლატფორმა, რაც გახდება მყარი ბაზისი საჯარო, სამოქალაქო და კერძო თანამშრომლობის გზით მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრისათვის.
პროექტის გუნდი ადვოკატირებას გაუწევს „მოქალაქეთა ასამბლეას“ მიერ ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის დამტკიცებასა და ნორმატიული აქტის მიღებას.
პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართება „სამოქალაქო პიკნიკები“ – საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასა და სამოქალაქო აქტორებთან, ასევე დაგეგმილია აქტიური სოციალური მედიაკამპანია და ინტერმუნიციპალური ჰიბრიდული კონფერენცია, სადაც გაზიარებული იქნება პროექტის შედეგები და გამოცდილება.